|
2021-02-12 19:44:48, 685 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - შეთანხმება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში
„აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის ზრდის პერსპექტივას, კერძოდ თურქეთიდან შემოტანილი ინდუსტრიული ნედლეულიდან საქართველოში წარმოებული პროდუქცია უფრო მეტად“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის 10 თებერვალს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მიერ შეთანხმების რატიფიცირება. საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია სრულად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც სათანადო ინფორმაციას საქართველოსა და თურქეთის შეტყობინების საფუძველზე ევროკომისია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებს. საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. სხვა სექტორებთან ერთად, აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. მინისტრის განცხადებით, 2020 წელს თურქეთში გავიდა დაახლოებით 75 მლნ. აშშ დოლარის ტექსტილის პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილიც სავარაუდოდ შემდგომ გავიდა ევროკავშირში, ხოლო დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ პროდუქციის პირდაპირ ევროკავშირში ექსპორტირება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისათვის გაცილებით მომგებიანი იქნება. მისი თქმით, თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულის მონაწილეობით, შემდგომში ევროკავშირში ექსპორტის მიზნით საქართველოში წარმოების განვითარების პოტენციალია ასევე შემდეგ სექტორებში: ავეჯის, სამშენებლო პროდუქციის, პლასტმასის ნაწარმის, ფოლადის ნაწარმის და ქაღალდისა და მუყაოს წარმოება. მინისტრის განცხადებით, ზოგადად დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე ის წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთან, დიაგონალური კუმულაცია არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი არ ფარავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის (პემ-ის კონვენცია) წევრობა იძლევა წარმოშობის წესების გლობალური გამოყენების საშუალებას. კერძოდ, წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, აღნიშნული კონვენციის საფუძველზე მრავალმხრივ ფორმატში შეუძლიათ ისარგებლონ დიაგონალური კუმულაციის მეთოდით (სქემით). საქართველო 2017 წლიდან არის ამ კონვენციის წევრი. აღსანიშნავია, რომ კონვენციაში წევრობის შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებულმა ასოცირების შეთანხმებით მიეცა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)