2015-09-23 17:10:30, 2913 ნახვა
კულტურა
ჩინეთში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება
ჩინეთში, ქალაქ ივუში, ქართულ–ჩინური პროექტის ფარგლებში, ქართული კულტურის სახლი გაიხსნება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულტურის სახლი ჩინეთის სავაჭრო ჰაბში, 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და ის ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ხუთსართულიანი შენობის სხვადასხვა სართულზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, ტრადიციული ქართული სამზარეულო, ქართული ღვინის საგამოფენო დარბაზი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტურიზმის კულტურა და საინვესტიციო პოტენციალი.
„ქართული კულტურის სახლი, რომლის გახსნასაც ჩვენ ვგეგმავთ ქალაქ ივუში, წარმოადგენს მთლიანად ქართულ კულტურას - ღვინიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით დამთავრებული. მოხარული ვართ, რომ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყველა საკითხში მხარდაჭერა აღგვითქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კულტურის სახლი იქნება საქართველოს ფანჯარა მსოფლიოში“, - განაცხადა „სუოლუნ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიას, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ჩინეთში უკვე გახსნილი აქვს ქართული ღვინის სახლი. ჩინეთში ხორციელდება ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი.
ქართული კულტურის სახლის პროექტს „სუოლუნ ჯგუფი“ ჩინეთში „თბილინვესტ ჯგუფთან“ თანამშრომლობით განახორციელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან