|
2020-11-04 13:51:59, 530 ნახვა
კომენტარი
IDFI - ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმება კონსტიტუციის მოთხოვნებს ვერ პასუხობს
„ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებს ვერ პასუხობს”, - ამის შესახებ განცხადებას IDFI აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას. „Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმების კონსტიტუციურობაზე მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა პირბადის ტარების წესში შეტანილმა ბოლო ცვლილებამ პირის დაჯარიმების კონსტიტუციურობის და კანონიერების სრულად განსხვავებული პრობლემა წარმოშვა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ცალკე სამართალდარღვევა გაითვალისწინა, საიდანაც ცხადად იკითხება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლი არ ითხოვს პირბადის ტარებას ღია სივრცეში და არც აკრძალული ქმედების შინაარსის გაფართოების უფლებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას.უფრო კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტმა სამართალდარღვევად მიიჩნია პირბადის ტარების წესის დარღვევა „დახურულ საჯარო სივრცეში“, „საზოგადოებრივ ტრანსპორტში“ და „ტაქსით“ გადაადგილებისას. ამ მუხლის საფუძველზე, მთავრობამ შესაძლოა დააზუსტოს მხოლოდ ტექნიკური დეტალები, მაგალითად, რა არის პირბადე, როგორ უნდა ეკეთოს იგი ადამიანს, რა შემთხვევაში უნდა ეკეთოს დახურულ საჯარო სივრცეში და ა.შ. საქართველოს მთავრობა გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას. კერძოდ, მან ექსკლუზიურად ამ ცვლილების მიღებისათვის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას ანიჭებს დროებით მოაწესრიგოს საკითხი, თუ იგი არ არის მოწესრიგებული საკანონმდებლო აქტით (კანონით). როგორც ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უკვე აწესრიგებს პირბადის ტარების წესს და ადგენს კიდევაც მისი გამოყენების ვალდებულებას. რეალურად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესწორება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტულად ჩამოყალიბებულ შემადგენლობაში, რაც არ უნდა ჩაითვალოს მოუწესრიგებელი საკითხის დროებით რეგულირებად. კანონმდებლობის ამგვარი განმარტება, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამართლებრივ უსაფრთხოებას და არაერთ ძირითად უფლებას. საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გაზარდა საკუთარი უფლებამოსილება და უხეშად შეიჭრა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ კომპეტენციაში. ამგვარი ქმედება ამკვიდრებს დემოკრატიული მმართველობისთვის საფრთხის შემცველ პრეცედენტს და არღვევს, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს“, - ნათქვამია განცხადებაშ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)