2015-09-21 12:05:13, 336 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მოსამართლეებს ვთხოვ, ადამიანის უფლებებს პატივი სცენ
პარალამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოსამართლეებს თხოვნით მიმართა, ადამიანის უფლებებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმაზე, პატივი სცენ.
ამის შესახებ უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მხრივ მოქალაქეებს მიმართა, რომ საკუთარი მოსაზრებები ისე გამოხატონ, სასამართლოს დამოუკიდებლობას პატივი სცენ.
„საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა თავისი პროტესტი ქუჩაში გამოსვლით გამოეხატა. მე მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს ვთხოვო, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმაზე. თუ ადამიანებს რაიმე სათქმელი აქვთ მათ შეუძლიათ ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ. მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შევუშალოთ. ასე რომ მე აქ რაიმე სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოს, თუმცა მოქალაქეს კანონის ფარგლებში საკუთარი მოსაზრების გამოხატვის უფლებას ვერავინ წაართმევს.
„შევეგუოთ იმას, მათ შორის პირველ რიგში მოსამართლეები, რომ ძალიან ხშირად ჩვენი გადაწყვეტილებები მოწონებული არ იქნება და იქნება კრიტიკა. სასამართლოში ადამიანები არ მიდიან იმისთვის, რომ მერე იქიდან ერთად ბედნიერები გამოვიდნენ. ამასაც უნდა შევეგუოთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება.
ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან გაურკვეველი პიროვნებები იკრიბებიან და მათ მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები კეთდება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2015 წლის 16 სექტემბერს N3/2/646 გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კონსტიტუციური სარჩელი N646) გამოცხადების შემდეგ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან ხორცილდება მიზანმიმართული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ინდივიდუალურად მოსამართლეებზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან