17:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 16:03:40, 789 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო: გადაწყვეტილების აღსრულება ხელისუფლების ყველა შტოსთვის სავალდებულოა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეზე „გიგი უგულავას საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მედიაში გავრცელებული არაერთგვაროვანი შეფასებების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტება გააკეთოს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება კონსტიტუციასა და კანონს, იგი ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოცხადებისთანავე და   აღსასრულებლად სავალდებულოა ხელისუფლების ყველა შტოსთვის. ყოვლად დაუშვებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს აბსოლუტური უმრავლესობის  მიერ მიღებული გადაწყვეტილების სავალდებულო ძალის ეჭვქვეშ დაყენება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა ექვსი წევრი“. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში მოსამართლეთა სულ მცირე 6 წევრი მონაწილეობს.
ამავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის არსებითად განმხილველი თითოეული მოსამართლე.  აღნიშნული ნორმა ადგენს საქმის არსებით განხილვაში მონაწილე მოსამართლის  ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს საქმის საბოლოო გადაწყვეტაში.  იგი არ განსაზღვრავს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხებს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციური დავა, რადგან მხოლოდ ის  არის კომპეტენტური განახორციელოს აღნიშნული კონსტიტუციური უფლებამოსილება. ამიტომ, საკითხის გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობა მისი უშუალო და პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულებაა და არა შესაძლებლობა, რომელსაც ის მიზანშეწონილობის მიხედვით გამოიყენებს. ამდენად, ერთ-ერთი მოსამართლის მიერ კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა, ვერ შეაფერხებს  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ეჭვქვეშ ვერ დააყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებაუნარიანობას მიიღოს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის მიზეზები და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მისთვის მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

როგორც უკვე ცნობილია, მიუხედავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მხრიდან არაერთგზის მცდელობისა, მოსამართლე მერაბ ტურავამ, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზების დასახელებით, რამდენჯერმე განაცხადა უარი გადაწყვეტილების ხელმოწერაზე.
2015 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინური საკითხების კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოუცხადებლობა და ურთიერთგამომრიცხავი მიზეზებით ხელმოწერაზე უარის თქმა წარმოადგენს კანონის („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი,  43-ე მუხლის მე-2 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი) მოთხოვნათა დარღვევას.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლე გადაწყვეტილებას ხელს აწერს მაშინაც, როდესაც ამავე საქმეზე მას აქვს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი. გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა ყოველთვის არ გულისხმობს გადაწყვეტილებაზე დათანხმებას, მასში ასახული პოზიციის,  თუ არგუმენტაციის გაზიარებას. მაშინ, როდესაც მოსამართლეს აქვს განსხვავებული აზრი, გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის ვალდებულება გულისხმობს საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობის კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე კანონის მოთხოვნათა დარღვევით აცხადებს უარს „საქართველოს სააკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებაზე, გადაწყვეტილების ხელმოწერაზე, განზრახ არ ახორციელებს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს, ეს ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება, ხელს ვერ შეუშლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების, ხელმოწერისა და გამოცხადების კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაში“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics