21:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 18:09:33, 378 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონეთისა და ლატვიის შემდეგ მაღალი დონის შეხვედრებს ესტონეთში აგრძელებს. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესტონელმა კოლეგამ თინათინ ხიდაშელს დღეს დილით უმასპინძლა. შეხვედრაზე სვენ მიქსერმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ესტონეთის თავდაცვის პირველმა პირმა ქართველ კოლეგასთან ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე ესტონეთი თანამშრომლობისთვის მზადაა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უკვე ახორციელებს საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები „ბალტიის თავდაცვის კოლეჯში“ (ტარტუ) გაერთიანებულ საშტაბო-სამეთაურო და უმაღლეს სამეთაურო სასწავლო კურსებს ესწრებიან. ამ ეტაპზე საქართველოს უკვე 27 კურსდამთავრებული ჰყავს. თავის მხრივ, ქართული მხარე და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო, ესტონელი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ადგილების გამოყოფას უზრუნველყოფს.

„ჩვენი განსაკუთრებული სურვილია, რომ ჩვენმა მეგობრებმა საქართველოს შესახებ, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრონ იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ წარმოდგენილი არ ვართ. ამ მხრივ შეგვიძლია ესტონეთის მხარდაჭერისა და მათი ინიციატივების სრული იმედი გვქონდეს, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ლოგიკურ დასასრულამდე - წევრობამდე მიიყვანს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში ესტონეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ იმსჯელეს და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. როგორც ცნობილია, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და ამავე სფეროს შესაძლებლობების განვითარება არსებითი პაკეტის (SNGP) პრიორიტეტული მიმართულებაა. ესტონეთმა კიბერუსაფრთხოებისა და კიბერთავდაცვის საკითხებში ექსპერტი მოავლინა, რომელიც სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

„საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა და ნატოსთან თავსებადობა ჩვენი პრიორიტეტია. ამ პროცესში ესტონეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩემმა ესტონელმა კოლეგამ დამიდასტურა მზადყოფნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენი მხრიდან ესტონელი სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო წვრთნაში - “Agile Spirit-2016” მოვიწვიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ესტონელი კოლეგები ვარშავის 2016 წლის სამიტამდე საქართველოსთვის ერთიანი, კონსოლიდირებული ევროპული მხარდაჭერის მოპოვება-გაძლიერების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესტონეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა გვირგვინით შეამკეს 1918 – 20 წლებში ესტონეთის დამოუკიდებლობებისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics