2015-09-11 14:26:37, 616 ნახვა
საზოგადოება
ლტოლვილთა სამინისტრომ 13 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადასცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, ყაზბეგი ქუჩა N22–ში მცხოვრები 13 დევნილი ოჯახისთვის დოდაშვილის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში, ბინები კერძო კომპანიებთან ერთად, თანადაფინანსებით შეიძინა.
ლტოლვითა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის 22–ში არსებული შენობა (ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტი), რომელშიც 13 დევნილი ოჯახი ( მათ შორის 2 ნახევრად სარდაფში) 1993 წლიდან ცხოვრობდა, შპს „ბლოკ ჯორჯიას“ საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშულ ობიექტზე კომპანიებმა „ბლოკ ჯორჯიამ“ და „ორბი ჯგუფმა“ 100 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება დაგეგმეს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გადაყვანის და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების პრობლემა დადგა.
სამინისტროს, შპს „ბლოკ ჯორჯიასა“ და „ორბი“ ჯგუფს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, აღნიშნული 13 ოჯახი თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტებით აგებულ კორპუსში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდეს. დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თანადაფინანსებით მოხდა – 80% კერძო სექტორმა, ხოლო 20% დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დაფარა.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, ასევე უზრუნველყო დევნილი ოჯახების კუთვნილი ნივთების ტრანსპორტირება.
„ეს არიან ადამიანები, რომლებიც 22–23 წელი სისხლის გადასხმის ყოფილ ინტიტუტში ცხოვრობდნენ, 7,8 მაქსიმუმ 10 და 12 მ2 ოთახებში. ბევრი მათგანი სარდაფში ცხოვრობდა. ამდენი წვალების შემდეგ კი, დღეს ახალაშენებულ, კარგად გარემონტებულ ბინებში გადმოვიდნენ. 13 ოჯახი სამინისტრომ „ორბი“ ჯგუფთან და „ბლოკ ჯორჯიასთან“ ერთად გადმოიყვანა. ესენი არიან ინვესტორები, რომლებიც სისხლის გადასხმის ყოფილი ინსტიტუტის ადგილას 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციას გეგმავენ. ასე, რომ ორი ძალიან კარგი საქმე გაკეთდა“, – განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
მისნისტრის თქმით, იგივე კორპუსში კიდევ 33 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.
„სამინისტრომ გააქტიურა კერძო მესაკუთრეებისგან იმ ობიექტების გამოსყიდვა, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირები მართლზომიერად ფლობდნენ. 2012 წლიდან დღემდე, თბილისში, კერძო მესაკუთრეებისგან, 721 დევნილი ოჯახისთვის 18 ობიექტია გამოსყიდული“, – აცხადებენ სამინისტროში.
დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროცესს დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინიტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, „ორბი“ ჯგუფისა და „ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან