06:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 18:45:28, 726 ნახვა

საზოგადოება
მერიამ ჭადრაკის სასახლე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა

ვერის პარკში მდებარე  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეს  თბილისის მერია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცემს.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჭადრაკის სასახლეში „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ გათამაშების გახსნაზე განაცხადა.

თავისმხრივ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ სრული მზადყოფნა გამოთქვა, მოემსახუროს  სპორტის ამ სახეობის შემდგომ განვითარებას, ახალი ტალანტების გამოვლენას და დაოსტატებას, ეროვნული და მაღალი რანგის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების ორგანიზებას და ჩატარებას.

„ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჭადრაკის ფედერაციას გადაეცა ჭადრაკის სასახლე, რომელიც აქამდე მუნიციპალურ საკუთრებაში იყო. სიმბოლურად „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ ჩატარებას დავამთხვიეთ ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს ნაბიჯი ქართული ჭადრაკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ გათამაშების გახსნაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ძალიან კარგი და დროული საჩუქარი გაუკეთა ჩვენს მოჭადრაკეებს ქალაქის მერიამ. ჩვენი მოჭადრაკეები ნამდვილად იმსახურებენ ამ საჩუქარს და კარგია, რომ მათ თავიანთი სახლი ექნებათ“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლე ვერის ბაღში  1973 წლის 14 აპრილს გაიხსნა. ამ დანიშნულების ნაგებობებს შორის ფორმითა და მოცულობით უნიკალურია მსოფლიოში. ნაგებობა ცნობილი არქიტექტორების ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და გ. ღუდუშაურის პროექტით აშენდა. სასახლეს აქვს 520 ადგილიანი მაღალჭერიანი დარბაზი სცენით, 17 ოთახ-კაბინეტი, მათ შორის მწვრთნელთა და დიდოსტატთა კაბინეტები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ცენტრი. აქ განთავსებულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფისი, სასახლესთან არსებული საჭადრაკო სკოლა. ჭადრაკის სასახლეს ნონა გაფრინდაშვილის სახელი  2001 წელს მიენიჭა.

 „ნონა გაფრინდაშვილის  თასის“  გათამაშებამ სტარტი დღეს აიღო  და 17 სექტემბრამდე გასტანს.

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება A და B ტურნირები. ასპარეზობაზე 7 ქვეყნის - საქართველოს, საფრანგეთის, რუსეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის 180 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ლარს  შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics