"ამ ელჩმა თავისი ადგილი და ქცევის ნორმები არ იცის",-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებას, რომ საქართველომ “პატარა გამოცდა” ვერ ჩააბარა.
"35 წლის გამოცდილება დიპლომატიაში და საერთაშორისო ასპარესზე მაძლევს უფლებას რომ ვთქვა ამ ელჩმა თავისი ადგილი და ქცევის ნორმები არ იცის ... ან უარესი და თვლის, რომ რადგანც პატარა ქვეყანანში იმყოფება ამიტომ ყველაფრის უფლება ეძლევა და კიდევაც გაუვა... ნაკლებად მაინტერესებს ვის ეხება და ვის აკრიტიკებს ან აფასებს მაგრამ არავის დაუწესებია უცხოელ ელჩებისთვის განსჯის უფლება.... ამ ნეოკოლონიალურ ფორმას ვერასოდეს ვერ ვიტანდი, ვერ ვიტანდი ფრანგებისგან როცა აფრიკაში ვიმყოფებოდი საფრანგეთის საელჩოში, ვერ ვიტანდი რუსებისგან საბჭოთა პერიოდში, და ვერ ვიტან დღევანდელ ევროპელებისგან. რომლებსაც ჰგონიათ რომ ასოცირება თუ გვინდა მათ ჭკუაზე უნდა ვიაროთ... ერთია რომ ევროპელობის პრეტენზია გაგვაჩნია და ამისი უფლება - თუმცა ისიც მართალია უფრო ისტორიულად და კულტურად მიღებული ვიდრე დღევანდელი მიღწევებით გამყარებული , მაგრამ ისიც ვთქვათ მაშინ რომ ბევრი ევროპელი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ევროპულ პრინციპებს და ნორმებს... კერძოდ ინგლისი როცა უარს ამბობს დევნილების მიღებაზე და ბოლოს, სხვა გზა რომ აღარ დაუტოვეს, ყველაზე ნაკლებ რაოდენობის მირებაზე იძულებით თანხმდება.... ანუ დავუბრუნდეთ მთავარ პრინიცპებს საერთაშორისო ურთიერთობების: ყველა ერი თანაბარია, და ეყველა ერი ატივისცემის ღირსი... და პირველრიგში მასთან წარმოდგენილ ელჩს !",-წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც ელჩმა განაცხადა, საქართველოში პერსონალიზებული ხელმძღვანელობაა და საწინააღმდეგო აზრის მქონე პოლიტიკურ ძალებზე თავდასხმა და ბრალდებები შეინიშნება.
„საუბარი არ არის დემოკრატიის ფორმაზე, საუბარია უფრო შინაარსზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც დემოკრატიას უდევს საფუძვლად. მაგალითად, ძალიან მაღალი დონით და ხარისხით პერსონალიზებული ხელმძღვანელობა, ბრალდებები, შეკითხვები, თავდასხმები მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებზე: როდესაც ეს თავდასხმები ხორციელდება და ის მიმართულია ყოფილ თუ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრზე, ყოფილ თუ ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ეს ახდენს ხალხის დეგრადაციას, ინსტიტუტების დეგრადაციას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. საქართველოს ჰყავს შესანიშნავი რაგბის გუნდი. რაგბიზე ასე ამბობენ - ეს არის ხულიგნების თამაში, რომელსაც ჯენლტმენები თამაშობენ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პოლიტიკაც კონტაქტური სპორტია“, - განაცხადა ელჩმა.
მან ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„მეორე სფეროა ანგარიშვალდებულება - გასულ წელს ძალიან ბევრი ცუდი ინციდენტი მოხდა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ პერსონალიებს შორის: კვერცხები, მათ შორის ახალგამოჩეკილი წიწილებით, ესროლეს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ა.შ., იყო ბევრი მსგავსი მოვლენა. უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება რაღაც ქმედება იყოს ტესტი და გამოცდა და ეს გამოცდა შეიძლება, ჩააგდო ან ჩააბარო“, - აღნიშნა ელჩმა და აქვე დასძინა:
"ბრიტანეთში ასეთი გამოთქმა გვაქვს: „პატარა გამოცდის“ ჩაბარებას ვეძახით. საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მან ეს „პატარა გამოცდა“ ვერ ჩააბარა",-განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
ჰოლ ჰოლის შეფასებით, საქართველოს აქვს საუკეთესო კანონმდებლობა და ჰყავს ძალიან კარგი საჯარო მოხელეების ჯგუფი, მაგრამ ეს არ მუშაობს ისე, რომ მოქალაქეებმაც იგრძნონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
„სამოქალაქო პასუხისმგებლობა ძალიან ფართო გაგებით. კი ბატონო, შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო სისტმებები და კანონმდებლობა ჰქონდეს, ასევე ძალიან კარგი საჯარო მოხელეები ჰყავდეს და მიმაჩნია, რომ მართლაც, ძალიან კარგი საჯარო მოხელეების ჯგუფები ჰყავს, მაგრამ ის არ მუშაობს ისე, რომ მოქალაქეებმაც იგრძნონ თავიანთი წილი სამოქალაქო პასუხიმგებლობა. მაგალითად, საქართველოდან წასული ნებსიმიერი უცხოელი ლაპარაკობს მარტო იმაზე, როგორ დაყავთ მანქანები და როგორ ანაგვიანებენ ყველაფერს, ანუ ეს არის პირადი პასუხისმგებლობის ნაკლებობა, არარსებობა, ამ დროს კი საქართველოში არის კანონი დანაგვიანების წინააღმდეგაც და საგზაო წესების დარღვევის წინააღმდეგაც. ერთი სიტყვით, ეს მარტო ელიტის საქმე არ არის, ეს ყველა მოქალაქის მიერაა გასაკეთებელი. ასევე პოლიტიკურმა ელიტამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს ერთმანეთისა და საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან